დავით მათიკაშვილი - მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებაა
დავით მათიკაშვილი - მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებაა

მთავრობის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებაა, რომელიც პრობლემების მოგვარებაზე კიდევ უფრო ორიენტირებული იქნება, – ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე რამდენჯერმე ვნახეთ ხელისუფლების მცდელობა სახელისუფლებო სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები შეეტანა, რომელიც ხშირად მიზნად უფრო საზოგადოების თვალის ახვევას ისახავდა.

„მე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდი მინდა გავიხსენო, როდესაც ცვლილებები ხშირად ხდებოდა, მაგრამ ამ ცვლილებებს არანაირი ემპირიული საფუძველი და გამოცდილება თან არ ახლდა. მათი მიზანი რეალურად იყო თუ არა ოპტიმიზაცია და ბიუროკრატიის შემცირება, ეს საკითხავია, რადგანაც ერთი მიმართულება ისევ მიმართულებად რჩებოდა და არანაირი რეალური ფუნდამენტური ცვლილება სტრუქტურის შეცვლაში არ გამოიხატებოდა. ჩვენ ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება მოხდეს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით,  ახალი სტრუქტურული ცვლილებების მიზანია აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებო მმართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ეს მოქმნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულებაა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა მენეჯერული კუთხით ჩვენი ქვეყნის სწორი და ოპტიმალური მართვა უნდა განახორციელოს, რამაც ცხადია, შედეგი უნდა გამოიღოს.

„ყველაფერი ამის მიზანი ორია. ერთი გახლავთ შესაბამისი ბიუროკრატიის შემცირება, რაც ოპტიმიზაციის ჭრილშია განსახილველი და მისაღები. მეორე, ეს სამინისტროების უკეთესი მართვაა, იმ მიმართულებების, სადაც კონკრეტული მინისტრი პასუხისმგებელია, რომ ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც თანამდებობრივად ეკუთვნის“,- განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გუნდს მთლიანად ენდობა და დარწმუნებულია, რომ ამ შესაბამისი ცვლილებების ფონზე საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მოქნილი, პრობლემების გადაწყვეტაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება.