დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ითანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებთან
დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ითანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის თემას სოციალური ქსელით ეხმაურება.

დეპუტატი ოპოზიციონერ კოლეგებს ფალსიფიკაციის მცდელობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„რატომ არის რომ, ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას რეალობის ალტერნატიული ვერსია და მოახდინოს ტყუილის ტირაჟირება? იმიტომ რომ, სიმართლე არასდროს არ არის ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხარეს. სიმართლე კი დღეს პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე განცხადდა კიდევ უფრო მკაფიოდ და ხაზგასმით: ნიკანორ მელია და ძმანი მისნი 20-21 ივნისს დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ და სწორედ ამის დამსახურებაა შტურმი პარლამენტის სასახლეზე და ძალადობა პოლიციელებზე. ეს საგამოძიებო ვერსია გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებას პირდაპირი ეთერებიდან ახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების და მოძალადეების ქმედებები და ამ ამბიდან არც თუ დიდი დროა გასული.

მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, სასურველი რეალობის შექმნის მცდელობა, ითანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებთან და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას:  რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტის სასახლეში ძალადობრივად შეჭრისკენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რა მიზანს ემსახურებოდა პოლიტიკური პროცესების ესკალაციის მცდელობა?!“ – წერს დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკანორ მელიას საქმეში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, მათ შორის ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას დაცვის მხარემ შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას.