დავით მათიკაშვილი - მომეცით საშუალება, რომ „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდოობაში ეჭვი შევიტანო
მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის პოზიცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ მიმართებაში სანდოობის კუთხით, მომეცით საშუალება, რომ შევიტანო ეჭვი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საქართველოში მდებარე ოფისი სუბიექტური და მიკერძოებულია.
„კიდევ ერთხელ დავიტოვებ ეჭვის საფუძველს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები არ იყოს მართალი. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ისედაც ბევრს აკეთებს. ის ვალდებულია, რომ ებრძოლოს, მაქსიმუმი გააკეთოს ამისთვის და სხვათაშორის, მათ შორის საქართველოს პარლამენტში ხდება საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება, რომელიც არის აუცილებელი ამ მიმართულებით, პროცესის წარმატებით წარმართვისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევისას რესპონდენტებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასეთი კითხვითაც მიმართეს, – თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.