დავით მათიკაშვილი - მოლაპარაკების კარი ღიაა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა
არა მხოლოდ „გირჩთან“, არამედ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, რეალურად დაინახავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების კარი ღიაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად თბილისის რეალობიდან იმოქმედებს, მათთვისაც ღია იქნება მოლაპარაკების კარი.
„განცხადება იყო გაკეთებული, რომ თუ ამას „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს და კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად, თბილისის მოცემულობიდან და რეალობიდან იმოქმედებს და ქვეყნისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, მათთვისაც ღია იქნება მოლაპარაკების კარი. ოღონდ, ცხადია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზეპარტიული და არავინ უნდა იყოს შებორკილი იმ ცრუ ამბიციებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მანამდე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ზუსტ თარიღს ვერ იტყვის, მაგრამ შეხვედრა იგეგმება.