დავით მათიკაშვილი - მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეყანაში პანდემია, ოპოზიციის დღის წესრიგი ყოველთვის საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოიფარგლება
ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო გამოცემა იზიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ გუნდმა „კოვიდ-19“-ის სნეულების მართვის კუთხით მეტ-ნაკლებად წარმატებას მიაღწია რეგიონში, ეს აისახება შედეგებზე, ინფიცირებულთა რაოდენობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მას ესმის საზოგადოების, რომ მკაცრი ზომების დაცვა არ არის მარტივი, თუმცა მათიკაშვილის შეფასებით, სწორედ ასეთი ზომებია ერთგვარი გამოსავალი მძიმე ვითარებიდან.
„მკაცრმა ზომებმა, როგორიცაა მაგალითად, მანქანით გადაადგილების აკრძალვა, ყველამ დავინახეთ, რომ ამ ნაბიჯებმა შესაბამისი ეფექტი გამოიღო, თუნდაც ინფიცირებულთა რაოდენობას რომ დავუკვირდეთ, წინა დღეებში ბევრად მეტი იყო და ეს ორი დღე ნაკლებია. საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს იმ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული ხელისუფლებისთვის და მთავრობა, როგორც ეს დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, სწორედ იმ წესით იღებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტი იმსჯელებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. კიდევ უფრო გამკაცრდება თუ არა მიღებული ზომები, ეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე და ვითარების ადეკვატური იქნება. ყველა ნაბიჯი მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, ეს არის ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არ მინდა, დავძაბო ვითარება, მაგრამ საზოგადოებას ხაზგასმით მინდა, ვუთხრა, ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ ვითარებას, რა ხდება ევროპაში, შეერთებულ შტატებში და მზერა გადმოვიტანოთ ქართულ რეალობაზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რომ დღემდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყო ეფექტური, ეს ეფექტი ყველა ჩვენგანმა დაინახა და სამომავლო გადაწყვეტილებაც იქნება ადეკვატური“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს უსუსურს უწოდებს.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ძალიან უსუსური არგუმენტებია და საერთოდ, ოპოზიციას როგორც წესი, დესტრუქციული დღის წესრიგი გააჩნია. მიუხედავად იმისა, არის ქვეყანაში პანდემია თუ არა, მათი დღის წესრიგი ყოველთვის საკუთარი, ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოიფარგლება და არა ქვეყნის ინტერესებით. ამას ადასტურებს მათი განცხადებაც, რომ მხარს არ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. საგანგებო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს არსებობს, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ეს არის სრულიად საზოგადოების მათ შორის, ოპოზიციის პასუხისმგებლობა და კარგად უნდა გაითვალისწინონ, რა ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს ამ ძალიან მძიმე, ვერაგი დაავადებისგან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია ნდობა ეპიდემიოლოგებისა და ხელისუფლების მიმართ.
„საქართველოს პარლამენტს შესწევს უნარი, მივიღოთ გადაწყვეტილება იმ დესტრუქციული გამოხტომების გარეშე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოდის. ჩვენ მხარს დავუჭერთ ადეკვატურ ზომებს, რომელიც იქნება სწორი, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულ მომენტში არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ უნდა ვენდოთ ეპიდემიოლოგებს, ჩვენ უნდა ვენდოთ ხელისუფლებას, აქამდე ყველა ნაბიჯი იყო ეფექტიანი, სწორი და ეს ასე გაგრძელდება, დამოუკიდებლად იმისა, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია რა შეხედულებას გამოხატავს ამა თუ იმ ფაქტზე“, – აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.