დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვაში ჯდება, რომ ადამიანებს ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვაში ჯდება, რომ ანტისემიტური განცხადებებით იყოს ცნობილი.
დავით მათიკაშვილი პლატფორმა “არა-ფობიას” განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რომ არაფერს ერიდებიან, დაწერილ და დაუწერელ კანონებს, ასევე იმ წესებს არღვევენ, რაც ხალხებს შორის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია.
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ადამიანებს შეურაცხყოფა ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიაყენოს. მას შეუძლია და მის პოლიტიკურ ხედვაშიც ჯდება, რომ ანტისემიტური განცხადებებით იყოს ცნობილი და ხაზი იმას გაუსვას, რაზეც მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პლატფორმა “არა-ფობიას” განცხადებით, ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც იგი აღნიშნავს: „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს”.