დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება.
დეპუტატი გავრცელებულ ჩანაწერებს უნიჭო დრამატურგიას უწოდებს და საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.
„პირადად ჩემში ამ ჩანაწერებმა უნიჭო დრამატურგიის ელემენტების ასოციაცია შექმნა. აშკარად ეტყობა ამ ყველაფერს, რომ ეს არის მართული პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ისეთ ბრალდებებს უყენებენ „ქართულ ოცნებას“, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა იყო. ამით ცდილობენ არჩევნებში ერთგვარი დესტრუქციის შეტანას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ ჩანაწერები, რომლებიც მისი თქმით, ნელ-ნელა ქვეყნდება, დიდი ალბათობით გაყალბებულია და ამ თემას საგამოძიებო უწყებებმა ნათელი უნდა მოჰფინონ.
„მნიშვნელვანია ის, რაც ორი დღის წინ ვნახეთ, რომ ამ ჩანაწერების ერთი სერია აღმოჩნდა ყალბი, ინსინუაციებით შექმნილი და საზოგადოების წინაშე ტყუილით წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ სხვა ჩანაწერებსაც ამ კუთხით იგივე შინაარსი გააჩნია. არ არის გამორიცხული, აბსოლუტურად ყველა გაყალბებული იყოს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურაში მიმდინარე პროცესს, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც დაგროვდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.