დავით მათიკაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებაზე ჩემი განწყობა უარყოფითია, თუმცა შენიშვნებს გავაანალიზებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტოს დაადებს, მას მოტივირებული შენიშვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნება.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, მან კანონპროექტს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, თუ პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს, შენიშვნებს ძალიან კრიტიკულად მიუდგება.
„შენიშვნებს გავეცნობით და იმაზე ვიფიქრებთ, რა შინაარსი და რა კონტენტი იქნება წარმოდგენილი შენიშვნების ქვეშ. ცვლილებებით მცდელობაა იმის, რომ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნას, ამიტომ ვეტოსთან მიმართებით ჩემი განწყობა უარყოფითია, თუმცა შენიშვნების ანალიზს მოვახდენთ.
ამ კანონპროექტის ყველა სეგმენტი ერთობლივად შევაფასეთ და მხარი დავუჭირეთ. ჩვენ იმით ვიხელმძღვანელებთ, რა ხედვაც გაგვაჩნია. საქმესა და შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ისევე, როგორც პრეზიდენტი და ყველა თანამდებობის პირი. ჩვენი ქცევებით თავი ისეთ პირობებში არ უნდა ჩავიყენოთ, რომ შემდეგომ გადაწყვეტილებაზე თანხმობა ან უარი განწყობებიდან ნაკარნახევი არ იყოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 15 იანვრამდე აქვს ვადა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწეროს, ან ცვლილებებს ვეტო დაადოს.