დავით მათიკაშვილი - მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროებული წერილის შინაარსმა ამ საკითხს სერიოზულობის ხარისხი დააკარგვინა
მამუკა ხაზარაძის მიერ გასაჯაროებული წერილის შინაარსმა ამ ძალიან სერიოზულ საკითხს სერიოზულობის ხარისხი დააკარგვინა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„საერთოდ, რაზე ტარდება ექსპერტიზა?! იმას რომ თავი დავანებოთ, რომ წერილი ფურცელზეა ამობეჭდილი, ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გარეშეა და ა.შ, შინაარსიდან გამომდინარე, ეს არის რაღაც შუასაუკუნოვანი უსტარი. შს მინისტრის პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობაზე რამე სახის სერიოზული პრეტენზიის წაყენება თვით ჩვენს ოპონენტებსაც უჭირთ და შს მინისტრი ამ უსტარების მეშვეობით კონტაქტობს და თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან?! მე ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში შეკრება იმიტომ მოხდა, რომ ესაუბრათ, რა სახის საქმეს იძიებს პროკურატურა, სად არის დანაშაულის ნიშნები, რა მიმართულებით ფიქრობს ბატონი ხაზარაძე და როგორ ამყარებს თავის პოზიციებს პროკურატურა.
„მაგრამ უეცრად, მამუკა ხაზარაძემ ზეპირად, ისეთ ინფორმაციის შემცველ საბუთზე დაიწყო საუბარი, რამაც ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა”, – განაცხადა დეპუტატმა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ეს შემთხვევით არ მომხდარა.
„როგორც თვითონ ამბობს, ამ წერილს ექვსი წლის წინანდელი ისტორია აქვს და როდესაც ის ამაზე ექვსი თვის განმავლობაში ხმას არ იღებს და ამ ინფორმაციას ექვსი თვის მერე ახსენებს, მაშინ, როცა პროკურატურა სხვა საქმეზე კითხავს, წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! მან პროკურატურას მიაწოდა წერილი, მაგრამ საუბარი იყო უბრალოდ, წერილზე, ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გარეშე. როგორ, ვიცე-პრემიერის მხრიდან ასეთი სახის, მუქარის შემცველი წერილი პირველივე დღეს არ უნდა გაესაჯაროებინა, პროკურატურისთვის არ უნდა მიემართა და გამოძიება არ უნდა დაეწყო?!“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მართალია, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ წერილის შესახებ დაკითხვის ოქმში განაცხადა და პროკურატურამ რეაგირება არ მოახდინა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ისმის კითხვა – რა უშლიდა ხელს, იქვე განეცხადებინა, რომ ეს შს მინისტრისგან მიიღო.
„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირდაპირი მუქარა და ზეწოლაა ბიზნესზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, მამუკა ხაზარაძემ რა წერილი მიიღო, მაგრამ იცის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მას ეს წერილი არ მიუღია.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ერთგვარი პოლიტიკური ინდულგენციის შექმნის მცდელობას ჰგავს.
გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.