დავით მათიკაშვილი - მამუკა ხაზარაძეს შეუმდგარი მცდელობა აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნანგრევებით ისარგებლოს
მამუკა ხაზარაძეს შეუმდგარი მცდელობა აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნანგრევებით ისარგებლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ხაზარაძე ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის, ახალი ძალების გაერთიანების დროა.
„მამუკა ხაზარაძეს შეუმდგარი მცდელობა აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნანგრევებით ისარგებლოს და ისეთი პოლიტიკური ერთობა შეაკოწიწოს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რაიმე სახის ღირებულ შედეგს დადებს, მით უმეტეს, არჩევნებში. ეს ინიციატივა საზოგადოებამ უკვე რამდენჯერმე ნახა და ყველა შემთხვევაში ფიასკოთი დასრულდა. წინა შემთხვევებისგან ეს ინიციატივა არ განსხვავდება. მამუკა ხაზარაძეს „ნაციონალებთან“ იდეური კავშირი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ამ იდეურ ერთობას რომ რაიმე სახის პოლიტიკური წონა და შედეგი მოჰყვეს, ამაში ეჭვი მეპარება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.