დავით მათიკაშვილი - „ლელოსთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, უცხოეთიდან შემოდინებულ სახსრებს იყენებენ, წინასაარჩევნო პროცესს აფინანსებენ, რაც აკრძალულია
„ლელოსთან“ დაკავშირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები იყენებენ უცხოეთიდან შემოდინებულ სახსრებს, ახორციელებენ პოლიტიკური პროცესის, წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსებას, რაც აკრძალულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკური ძალები ენჯეოსექტორს იყენებენ, ახდენენ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკანონო, არალეგალურ დაფინანსებას, რაც პირდაპირაა აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
„ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის დღევანდელი ბრიფინგი არის პირდაპირი დასტური იმის, რაც მმართველ გუნდს არაერთგზის განუცხადებია. ცალკეული პოლიტიკური ძალები, ძირითადად, რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, იყენებენ ენჯეოსექტორს, ახდენენ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის უკანონო, არალეგალურ დაფინანსებას, რაც პირდაპირაა აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. სახეზეა უტყუარი დასტური, რომ „ლელოსთან“ დაკავშირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები იყენებენ საქართველოს ფარგლებს გარედან შემოდინებულ სახსრებს, ახორციელებენ პოლიტიკური პროცესის, წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსებას, რაც აკრძალულია. პარტიას, პოლიტიკურ ძალებს, მნიშვნელობა არ აქვს რას დაირქმევენ, „ენჯეო“ იქნება, ფიზიკური პირი თუ სხვა, თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სურს, უნდა მიიღოს ის სამართლებრივი ფორმა, რასაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს; ასევე, უნდა აიღოს ის ვალდებულებები, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, იმ პარტიების დაფინანსება, რომლებსაც პოლიტიკურ პროცესებში სურთ ჩართვა, უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე, იყოს წარდგენილი შესაბამისი დეკლარაციები, შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით ქართულ კანონმდებლობაში არსებობს.
„სახეზეა თაღლითობის სავარაუდო ფაქტი. თაღლითი „ლელოს“ ხაზარაძე-ჯაფარიძეც რაღაც მსგავსი პრინციპით იკრებს საზოგადოებას თავის გარშემო. ყველა ვალდებულია, ვისაც სურს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ კონკრეტულმა „ენჯეომ“, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან ფინანსდება, დააფუძნა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ანუ „ენჯეომ“ პოლიტიკური პარტია დააფუძნა და დააფინანსა. ეს ფინანსები ქვეყნის ფარგლებს გარედან მოედინება, აქ ორი ვარიანტია: ან „ენჯეო“ ატყუებს უცხოელ დამფინანსებლებს, ან, კიდევ უარესი, უცხოეთიდან უხეშად ხდება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც დაუშვებელია. როდესაც ჩვენ ვხედავთ ფსევდოფესტივალებს, სადაც, რეალურად, არა დემოკრატიაზე, არამედ ავტორიტარიზმზე არის საუბარი, სადაც არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერები, დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტები გამოფენილი ბანერების სახით, სადაც არის მოწოდებები, მხარდაჭერები კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ ან პირიქით, კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, ეს არის ის პროცესი, რომელიც კონტროლდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ამ ფორმით უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით დაფინანსება დაუშვებელი და აკრძალულია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.