დავით მათიკაშვილი - კვლევების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე სულ მცირე 60 პროცენტი უნდა აიღოს
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის“ კვლევამ, რომლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56 პროცენტი უჭერს მხარს.
„ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია. თუკი ჩვენ იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა და იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს – პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს, თუნდაც რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე სულ ცოტა 60 პროცენტი უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი განცხადებით, კვლევებში გათვალისწინებული არ არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების როლი, რომლებიც ყველა ოლქში, დამაჯერებლად ლიდერობენ.
„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. ცხადია, მოსახლეობის მსგავსი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ მოსახლეობის ამ მაღალ ნდობას, ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯებით ვუპასუხოთ და ხალხთან ერთად, დაუღალავად ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.