დავით მათიკაშვილი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გეგმა აქვს „პიარშიკების“ მხრიდან, როგორ გადაფაროს აქტუალური საკითხები ცრუ ინფორმაციით, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება ფასებთან დაკავშირებით
დავით მათიკაშვილი - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გეგმა აქვს „პიარშიკების“ მხრიდან, როგორ გადაფაროს აქტუალური საკითხები ცრუ ინფორმაციით, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება ფასებთან დაკავშირებით

საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ „პიარშიკების“ მხრიდან აქვს კონკრეტული გეგმა, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხები როგორ გადაფარონ და საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია ისე წარუდგინონ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება ქვეყანაში ფასებთან, ინფლაციის დონესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მათიკაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკელი პიარკონსულტანტისგან, ჯერემი როზნერისგან მიიღო მითითება, რომ ფასების სიძვირეზე გააკეთონ აქცენტი.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ ამ სოციალურ საკითხებს რომ ეხება, ეს უკვე დიდი დანაშაულია.

„მათ ადგილას არ შევიდოდი ამ მსჯელობაში, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თუ რამე ხდებოდა, ხდებოდა ცუდი და უარესი. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, საქართველოში ის დღეს არის 2.4% და, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, ყველაზე მცირე ნიშნულზეა. მაგალითად, მოლდოვაში ინფლაციის დონე არის 13.3% და უკრაინაში – 17%. ფასების საკითხის ასე დაყენება, ერთი მხრივ, არის ეკონომიკური კუთხით ძალიან დიდი უცოდინრობის გამოვლენა და, მეორე მხრივ, სურვილი, საზოგადოებას თვალები აუხვიონ, რადგან ინფლაციასთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში კარგად გასაგებია, რომ ხელფასი 2012 წელს იყო 700 ლარი და დღეს არის 1 800 ლარი. ის, რომ უმუშევრობა შემცირებულია 10%-ით, სიღარიბე „ნაციონალური მოძრაობის დროს“ იყო 30% და დღეს 15%-ია. ამ ყველაფერს ამერიკულ პიარულ სტილში ფერადი ფურცლებით ფრიალს აქვს თავისი მიზანი. მოზღვავებულ ლგბტ პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ მძიმეა, ამ პროპაგანდის პრევენციისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებას შევთავაზეთ, ვისაც ამის სურვილი აქვს, თავისი ხედვა წარმოგვიდგინოს ამ კუთხით. პირველი პერიოდი სიჩუმე იყო და შემდგომ, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი თემები გადაეფარათ, მოხდა პიარპროპაგანდის გამოვლენა, რომლის მიზანი იყო ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი საზოგადოების დაცვაზე ორიენტირებული კანონპროექტის გარშემო მსჯელობა. ეს მსჯელობა არ შედგა, რადგან თავს არიდებენ ამ საკითხს ჩვენი ოპოზიციონრები. გავიდნენ ქუჩებში, დაელაპარაკონ ჩვენს საზოგადოებას და მიხვდებიან, რეალურად რა აწუხებს ქვეყანას და ამის შემდგომ მობრძანდნენ და ერთად ვიმუშაოთ. მაგრამ მათ ამის სურვილი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ კონსტიტუციაზე, მასზე დაყრდნობით იქნას შემუშავებული რეგულაცია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისგან დაიცავს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.