დავით მათიკაშვილი - ხდება ზეწოლა, რათა ბიძინა ივანიშვილმა გადადგას ნაბიჯი, რომელსაც არ დგამს, ივანიშვილს არ იცნობენ, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია, ნებისმიერი მცდელობა ფიასკოსთვისაა განწირული
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების არაფორმალური მცდელობა. ადვოკატებმა კარგად ახსნეს, რომ იყო და არის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს და გადადგას ის ნაბიჯები, რაც შედის ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში, საქართველო ჩაერთოს ომში და გაიხსნას მეორე ფრონტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადვოკატები სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ. დავით მათიკაშვილი CS Victims-ის სტატიას გამოეხმაურა.
„არაერთი განცხადება იყო გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ისეთ დავალებებს ასრულებს და ნაბიჯებს დგამს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და არც საქმიან ურთიერთობებშია მსგავსი ქცევა მიღებული. აშკარაა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე ხდება ზეწოლა და შანტაჟი, რათა მან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ დგამს. რაც შეეხება რეზოლუციას, ნებისმიერი უწყების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ასახავს არა რეალობას, არამედ ცალკეული ჯგუფების ინტერესებს კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებით, არ ქმნის არანაირ ღირებულებას და ამაზე იყო საუბარი. კონკრეტული პიროვნების მოხსენიება არასწორი, არარეალური შეფასებებით, საქართველოსთვის არის ქვეყანაზე თავდასხმა და საქართველო არანაირ ომში არ ჩაერთვება. ნებისმიერი ფურცელი ფარატინა ქაღალდია, სადაც საქართველოს შესახებ არის ცრუ ინფორმაცია მითითებული: მეცენატი ოლიგარქად არის გამოყვანილი, ხოლო დამნაშავე სააკაშვილი – დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად. ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია და შანტაჟის ნებისმიერი მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული. დოკუმენტებს, სადაც ტყუილია ჩაწერილი, ჩვენთვის ფასი არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.