დავით მათიკაშვილი - ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალდების მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, ნათელია, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი ყველა კითხვაზე
ბრალდების მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საზოგადოებას აინტერესებს ყველა კითხვაზე პასუხი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ყველას აქვს უფლება, ეჭვი და მოსაზრება გამოთქვას.
„ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც სრული შესაძლებლობაა, გამოითქვას აზრები და ეჭვი, თუმცა ფაქტები არსებობს, რაც სხვა რამეს ამტკიცებს. ამ შემთხვევაში, ფულის გათეთრების ძალიან მძიმე ბრალდების თაობაზე ვსაუბრობ, ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით. თუმცა ბრალდების მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საზოგადოებას ასევე აინტერესებს ყველა კითხვაზე პასუხი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.