დავით მათიკაშვილი - „ხალხის ძალის“ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ზოგადად, სააკაშვილის მეხსიერება ბევრ კომპრომატს რომ მალავს, ეს ფაქტია, ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური შეხედულებებია
„ხალხის ძალის“ მოსაზრება არსებულ ვითარებას ეხება და ეს რომ „ქართული ოცნების“ მოსაზრება იყოს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.
მისივე თქმით, ეს არის „ხალხის ძალის“ შეხედულება, რომელსაც ნამდვილად აქვს უფლება, არსებობდეს.
„ზოგადად, სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება რომ ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური შეხედულებებია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ და აქ არც „ხალხის ძალაა“ გამონაკლისი.
შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯები და სურვილი ამ ნაბიჯების გადადგმის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.