დავით მათიკაშვილი - კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი არის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, არ არის ლეგიტიმური. აქ იმდენად დიდი დოზით არის ნეიტრალიტეტის დარღვევა, რთულად წარმოსადგენია ასეთი არანეიტრალური, ვითომ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რაიმე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხები გადაწყდეს პარლამენტში, ვიმუშაოთ პარლამენტში და არა პარლამენტის წინ ან სადმე რომელიმე კულუარებში, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება.
„კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარის თქმა, არის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მე პირიქით ვიტყოდი. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, უნდა წავიდეს სახლში, შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები მოგვევლინონ პრემიერ-მინისტრებად, მინისტრებად და აქ ნეიტრალიტეტის დიდი დოზით დარღევაა. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იმდენად ღრმად შეჭრაა პოლიტიკურ ლაბირინთებში, რთულად წარმოსადგენია, ასეთი არანეიტრალურ, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ რაიმე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
შეცდომა ყველას მოსდის, ზუსტად ამ არასამთავრობო ორგანიზაციის „შეცდომის“ დამსახურებაა, რომ შესაძლოა, სავალალო მოვლენები მომხდარიყო ქვეყანაში, რადგანაც ეს ორგანიზაცია ყველას ატყუებდა და უმტკიცებდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ასე არ მომხდარა, ამიტომ დღეს, როდესაც კიდევ ერთი მძიმე შეცდომა დაუშვა ამ ორგანიზაციამ, ალბათ საზოგადოების წინაშე სწორ იქნება, მოხდეს გამიჯვნა მსგავსი განცხადებებისგან და მხოლოდ შემდგომ ნეიტრალურ, პოლიტიკურად არაანგაჟირებულ ორგანიზაციასთან თავისუფლად და მარტივად შესაძლებელია ნებისმიერ სამუშაო ჯგუფში მუშაობა. მათ უნდა თქვან და აღიარონ, რომ ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, არის ლეგიტიმურად არჩეული, ლეგიტიმურად მოქმედი ყოველგვარი მათი მხრიდან წამოსული ინსინუაციების გამოისობით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხები გადაწყდეს პარლამენტში, ვიმუშაოთ პარლამენტში და არა პარლამენტის წინ ან სადმე რომელიმე კულუარებში, სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა დღეს დაიწყო მუშაობა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, ჯგუფის შემადგენლობაში არიან უმრავლესობის ოთხი, ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი, კერძოდ – „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“, „მოქალაქეებისა“ და პარტია „საქართველოს“. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“.
„მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის ჯგუფს წინასწარ ქონდათ ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართულობა არის სრულიად მიუღებელი, მათი მხრიდან მოხდა მაინც ამ ორგანიზაციის წარმოდგენა. მივიღეთ გადაწყვეტილება, „სამართლიანი არჩევნები“ არ მოვიწვიეთ ამ სხდომაზე. ამას აქვს თავისი საფუძველი, რადგან პროცესში ჩართული ორგანიზაციები უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, „პროცესს აზიანებს, როდესაც პროფესიული ორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების გამო იბლოკება“.