დავით მათიკაშვილი - იკვეთება, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილი მფარველობს საერთაშორისო თაღლითურ სქემას, ამ ფულით ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზია
დავით მათიკაშვილი - იკვეთება, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილი მფარველობს საერთაშორისო თაღლითურ სქემას, ამ ფულით ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზია

ნამდვილად პარადოქსია, რომ მედიამენეჯერად შეიძლება, კეზერაშვილი სადმე მოიხსენიო. მაშინ, როდესაც ამ პიროვნებამ საზოგადოებას, პირველ რიგში, თავი დაამახსოვრა საკუთარი ხალხის ჯარის ძარცვით, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მეტად ღრმავდება გამოძიება, მით მეტად მიდის კვალი დავით კეზერაშვილთან. მისი თქმით, სწორედ ამ ფულით ფინანსდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მედიასაშუალება, რომელსაც კეზერაშვილი ფლობს.

„შესაბამისი მტკიცებულებების ჭრილში იკვეთება, რომ დავით კეზერაშვილი მფარველობს საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულებრივ სქემას, რომელსაც ე.წ. ქოლცენტრების საქმე ჰქვია. საზოგადოებამ იხილა პროკურატურის მხრიდან ბრიფინგი. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ატარებენ ერთობლივ ოპერაციას, იჭერენ რამდენიმე ადამიანს და ვლინდება იმ საერთაშორისო სქემის მონაწილე პირები, რომლის დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია ევროკავშირის ქვეყნებში. მოყვანილია გერმანიის მაგალითი, სადაც ათასობით პენსიონერი იქნა გაძარცვული, სწორედ ამ სქემის შესაბამისად. ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ხაბეიშვილებმა, რაც არ უნდა პოსტები წერონ და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეცადონ, ამაზე მკაფიო პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რაც უფრო მეტად ღრმავდება გამოძიება, ვლინდება დამნაშავე პირთა ვინაობა, უფრო მეტად მიდის კვალი იმ პიროვნებასთან, ვისზედაც თქვენ მეკითხებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია, გამოძიებით უნდა დადასტურდეს. სწორედ, ამ ფულით ფინანსდება როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ კეზერაშვილის მხრიდან, ასევე მის მფლობელობაში არსებული ტელევიზია. ამიტომაც არის სრული პარადოქსი, რომ კეზერაშვილს მედიამენეჯერი დავარქვათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.