ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წერტილი დაუსვა ყველა მანიპულაციას თუ რამე არსებობდა აქამდე გიორგი გახარიასა და მის ახლად შექმნილ პარტიასთან დაკავშირებით, როდესაც საკუთარ წერილში აბსოლუტურად ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წერილში სწორი შეფასება მისცა როგორც 20 ივნისის მოვლენებს, ისე – გიორგი გახარიას გადადგომის საკითხს.
„ზუსტი შეფასება მისცა იმ მოვლენებს, რა მოვლენებიც იყო ცნობილ 20-21 ივნისის ღამეს და შემდგომ უკვე სწორი შეფასებები იქნა მიცემული იმ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პრემიერი გადადგა, მაშინ როდესაც სამართალი უნდა აღსრულებულიყო. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ წერილში არსებულ მოცემულობას, ეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ, თუმცა მან ვერ გასცა პასუხი იმას, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ორი-სამი დღე კანონის აღსრულების გადადება, რა ბენეფიტს ან რა უკეთესობას აძლევდა ის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, მაშინ როდესაც ყველასთვის იყო ცალსახად ნათელი, რომ აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო კანონი, უნდა აღსრულებულიყო სასამართლო გადაწყვეტილება და ეს გადადებას და გადავადებას არ ექვემდებარებოდა, მით უმეტეს, როდესაც სულ რამდენიმე დღით ადრე გიორგი გახარია უმრავლესობას და პირადად მეც გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ აუცილებელია მოხსნილიყო იმუნიტეტი ნიკანორ მელიაზე, რადგანაც უკვე სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომხდარიყო მყისიერად და დაუყონებლივ აღსრულება ამ გადაწყვეტილების, რისი მომხრეც უმრავლესობაში ყველანი ვიყავით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ორ დღეში პოზიციის შეცვლა და ფაქტიურად გუნდის მიტოვება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მომენტი, შეიძლება, შეფასდეს ერთმნიშვნელოვნად, როგორც ღალატი და მიტოვება, როგორც საკუთარი გუნდის, ასევე სახელმწიფოსი.
„გიორგი გახარია და მისი პარტია არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი, ეს ყველაფერი პოლიტიკური მეკობრეობა დაუმთავრდა ამ პარტიას ფიასკოთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ამცნო, რაც შეეხება ამ მოვლენებს, რომელიც ესადაგება და ასე ვთქვათ კითხვის ნიშნებს აჩენს სააკაშვილის ზოგად ტენდენციებთან და მის სურვილებთან მიმართებაში საქართველოში რევოლუციის მოხდენის და ხელისუფლების ამოყირავების, ცხადია, ისევე როგორც პარტიის დაფინანსების კუთხითაც არსებულ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, გახარიას მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ქართულმა ოცნებამ“ თავი ამოწურა“. მათიკაშვილის თქმით, მსგავსი განცხადება ყოფილი თანაგუნდელების მისამართით უღირსი შეფასებაა.
„არ არის ეს ღირსეული განცხადება, ძალიან სუსტი შეფასება რომ მივცეთ, რადგანაც მე თუ მკითხავ ეს არის უღირსი შეფასება საკუთარი კოლეგების, ვისთან ერთადაც ის იბრძოდა და მუშაობდა აქტიურად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. როგორ, იმ ხალხთან იყო, ვინც თავი ამოწურა? ეს ხომ ტყუილია, და მცდელობა რაღაც გაურკვეველი კითხვის ნიშნები შემოიტანოს. ის საუბრობს რაღაც უხილავ ხელებზე. ასევე, გახარიას პარტიის დაფინანსების საკითხიც ბურუსით არის მოცული და ის ვერ არქმევს, ვერ იგონებს სახელებს, რა დაარქვას მოვლენებს, ამიტომ, ცოტა გაუგებარია მისი მსჯელობა. ერთი კი ცალსახაა, რომ როდესაც ასეთ კრიტიკულ მომენტში შენ მიატოვებ საკუთარ გუნდს, მისცეს უფლება საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაუჩნდეს ამ მოცემულობასთან დაკავშირებით და ამ კითხვის ნიშნებზე კეთილი ინებოს და პასუხები გასცეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
რაც შეეხება გახარიას შეფასებას, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება „შეშინებული კაცის ბოდვაა“, მათიკაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებებით გახარია ცდილობს, გადაფაროს მასთან მიმართებაში არსებული პასუხგაუცემელი კითხვები.
„მთავარია კითხვებს გასცეს პასუხი. მიუღებელია მისგან ასეთი შეფასება, თუმცა ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ არის მცდელობა საკუთარი ხმამაღალი განცხადებებით გადაფაროს ის პასუხგასაცემი თემები, რომლებიც დაგროვდა საზოგადოებაში. უმჯობესია, პარტიის დაფინანსებაზე გვესაუბროს ბატონი გახარია, საიდან იღებს თანხებს და უმჯობესია გვითხრას, რატომ დაემთხვა ეს ორი-სამი დღის შეფერხების ხელოვნური მცდელობა მისი მხრიდან იმ გეგმებს, რა გეგმებიც კიევიდან ისმოდა. ეს არის მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აინტერესებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი 20 ივნისის ღამესაც იხსენებს და აცხადებს, რომ სიცრუეა გიორგი გახარაის განცხადება, თითქოს 20 ივნისის ღამეს პარლამენტი ცარიელი იყო და იქ მმართველი გუნდის ლიდერები არ იმყოფებოდნენ.
„ეს არის კიდევ ერთი უღირსი განცხადება, მე ვარ თვითმხილველი ასე ვთქვათ ამ მოვლენების. მე გახლდით პარლამენტში ბოლომდე, მინდა, გითხრათ და იქ ბრძანდებოდა გახარიაც და გვამჩნევდა ჩვენ, მეც, ოხანაშვილს, მამუკა მდინარაძეს და პარლამენტის კიდევ ძალიან ბევრ წევრს. ყველა მხრიდან ჩვენი პარლამენტის წევრების უმეტესობა გვირეკავდა და გვთხოვდა შექმნილიყო იმის საშუალება, რომ ისინი პირიქით შემოსულიყვნენ პარლამენტში და ერთად ვმდგარიყავით. იქ არათუ ვინმე სადმე გარბოდა, იქ იყო მაშინ პრემიერი ბახტაძეც კარგად მახსოვს. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, როცა ბურუსით მოიცვას მოვლენა, რომელსაც ჰყავს თვითმხილველები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრები, ხალხი, რომელიც დღეს პარლამენტში არ არის. ჩვენი მეგობრები და კოლეგები ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდნენ. არ გამოუვა მას საზოგადოების მოტყუება, რომ თითქოს იმ ღამეს ის გახლდათ ამ საკითხის მოტორი და ლიდერი და ყველა დანარჩენს, გუნდის წევრებს სახლში ტკბილად გვეძინა. ეს არის ტყუილი, ერთად ვისხედით, ერთად ვიდექით, ერთად ვნერვიულობდით, ერთად ვფიქრობდით, როგორ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, ეს არის მთავარი. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად გასცემდა შესაბამის განკარგულებას, მაგრამ ის, რომ გუნდი ადგილზე იყო და გახარიამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, საკუთარი თვალებით, აგერ ვარ ამ ყველაფრის თვითმხილველი და შემიძლია, დაგიდასტუროთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.