დავით მათიკაშვილი - „გამჭვირვალობის კანონი“ კანადაში თუ არ უთხრის ძირს დემოკრატიას, პირიქით, აძლიერებს მის სუვერენიტეტს, როგორ შეიძლება ამან საქართველოს რაიმე ფორმით ძირი გამოუთხაროს
დავით მათიკაშვილი - „გამჭვირვალობის კანონი“ კანადაში თუ არ უთხრის ძირს დემოკრატიას, პირიქით, აძლიერებს მის სუვერენიტეტს, როგორ შეიძლება ამან საქართველოს რაიმე ფორმით ძირი გამოუთხაროს

„გამჭვირვალობის კანონი“ კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ისრაელში და ძალიან ბევრ ქვეყანაში თუ არ უთხრის ძირს დემოკრატიას, პირიქით, აძლიერებს სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პროცესებს, როგორ შეიძლება ამან საქართველოში რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ძირი გამოუთხაროს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული ქვეყნები, ზოგიერთი მათგანი კი, დაჩქარებული წესითაც იღებს „გამჭვირვალობის შესახებ კანონებს“.

„სრული აბსურდია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმა შეიძლება დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს. აბსურდულობა კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები, და ზოგიერთი მათგანი, დაჩქარებული წესითაც კი იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონებს. ეს კანონები არის აუცილებელი სამართლებრივი პლაცდარმი ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვისთვის, დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ასევე საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, რომ ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებამ, ამ შემთხვევაში კანადაზე ვლაპარაკობ, იცოდეს, მანამდე საფრანგეთსაც აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, იცოდეს, უცხოეთიდან შემოდინებული სახსრები „ენჯეო“ სექტორის გავლით სად მიედინება. ეს არის ის ინფორმირებულობა, რომელიც არის აუცილებელი სეგმენტი ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარებისთვის. თუკი ეს კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ისრაელში და ძალიან ბევრ ქვეყანაში არ უთხრის ძირს დემოკრატიას, პირიქით, აძლიერებს ამ დემოკრატიული ქვეყნების სუვერენიტეტს და იქ არსებულ დემოკრატიულ პროცესებს, როგორ შეიძლება ამან საქართველოში რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და მას ძირი გამოუთხაროს?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

20 ივნისს კანადაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღეს.