დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იყენებენ „ფეიკნიუსს“, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ
„ფეიკნიუსს“ იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რაც „ფეიკს“ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ფეიკ ნიუსის“ ორი ყველაზე ნათელი მაგალითია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა და ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე.
„ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები არქმევდნენ საგნებს თავის სახელს, ამ მოვლენას მარტივად ერქვა „აფერისტობა“. ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ „აფერისტები“. გართულდა ცხოვრება, ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო და 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი, ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების გახლავთ „ფეიკნიუსი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს და ვერ აღწევენ იმ მიზნებს რაც „ფეიკს“ აქვს, 5-10% სიმართლე. ამ 10% სიმართლეზეა დაშენებული 90-95% ტყუილი. ამ ყველაფრის გატანა კონტროლირებული მედიასაშუალებების მეშვეობით და საზოგადოებისთვის ტვინების გამორეცხვა – ეს არის ძირითადი მიზანი, რომელსაც ვერ აღწევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება რამენაირად მოატყუონ.
პირველი თვალსაჩინო მაგალითია დაზარალებული სააკაშვილი, თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. უკრაინულ კანონმდებლობაში არის 55-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუკი ვინმე შეიტანს განცხადებას, თავად განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებული წოდების მომენტი და არა სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება. მეორე ე.წ. „უკანონო მოსმენების საქმე“. „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე რუპორის მეშვეობით გაშვებული, სადაც ზვიად ქორიძის საქმეზე შავით თეთრზე ტყუილს კადრულობენ. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2017 წელს მიმდინარე სრულიად კანონიერი გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა, მათ მაინც მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ჩირქი მოსცხეს სახელმწიფო ინსტიტუციას და ტყუილი მიაწოდეს საზოგადოებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.