დავით მათიკაშვილი - „ევროპულ საქართველოს“ არანაირი რეიტინგი არ აქვს და სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს.
მისი თქმით, ამის კიდევ ერთი ნიშანია მათი განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს განცხადება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია. რეალურად, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რამე პოზიტიური კვალი დატოვონ, კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი პარტიის. მათი ნეგატიური კვალი კარგად ჩანს. იმის გამო, რომ ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობენ და შესაბამისად, კომისიის სხდომაზე არ მივლენ. ბოკერიას თქმით, კომისიის წევრებს არ სჭირდებათ არჩევნებთან დაკავშირებით მასალების მიწოდება, რადგან ის საჯაროა.
მისივე განცხადებით, „იაფფასიანი ხრიკია იმის თქმა, ჯერ მოხდეს პარლამენტის ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტის ფარგლებში შეისწავლონ, იყო თუ არა არჩევნებზე დარღვევები. ბოკერიას განმარტებით, ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ყველგან ვერ მოხდა ვიდეომტკიცებულებების მოპოვება, თუმცა ასეთი შემთხვევები აშკარაა.