დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტიდან 3 მილიონ 700 ათასს ადამიანს უთხრეს, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს და სხვაგან ეძებეთ ჯანმრთელობის პრობლემებზე პასუხებიო, ეს სამართლიანია?
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მეგობრების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების ოპერაცია კოორდინირებულია იმ დონეზე, რომ საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება მაქსიმალურად მოხდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს თუნდაც ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ერთ-ერთი ევროპარლამენტის განცხადება, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა კითხვებს აჩენს.
„ევროპარლამენტარების გამოსვლას ვუსმენდი და ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ბევრ კითხვას აჩენს. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან 3 მილიონ 700 ათასს ადამიანს უთხრეს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ, ადექით და სხვა ქვეყნებში ეძებეთ ჯანმრთელობის პრობლემებზე პასუხებიო. ეს სწორია, სამართლიანია?
ეს განცხადებები ადასტურებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მეგობრების, პარტნიორების მიერ კოორდინირებულია იმ დონეზე, რომ პიარული თვალსაზრისით საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება მაქსიმალურად მოხდეს, თან იმ კონტექსტით, რომ ქვეყანაში რაღაც უკანონობა ხდება. არადა, ყველაფერი პირიქითაა. ყველა ობიექტური კრიტერიუმით, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, საქართველო კანდიდატის სტატუსს ყველა კრიტერიუმით იმსახურებს. დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მანამდეც და არის დღესაც. თუ 12-პუნქტიანი გეგმის შეფასება ობიექტურად მოხდება, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამაში რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესები იქნება ჩადებული, პასუხი ცალსახაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.