დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და არჩევნებზე პოზიტიური შეფასებები გვაფიქრებინებს, რომ ასევე პოზიტიურად უნდა შევხედოთ მოლაპარაკების შედეგებს
დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და არჩევნებზე პოზიტიური შეფასებები გვაფიქრებინებს, რომ ასევე პოზიტიურად უნდა შევხედოთ მოლაპარაკების შედეგებს

ვიმედოვნებ, არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები წაახალისებს ოპოზიციას, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღონ და ისე მობრძანდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მაღალი ჩართულობა ქმნის მოლოდინს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები, დაფიქსირებულია კონკრეტული პოზიცია, რომელიც ერთობლივად სასარგებლო იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამჯერად, ჯერი არის ოპოზიციის მხარეს. მე ვიმედოვნებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით „აირაის“ დასკვნა, საერთაშორისო პარტნიორების ყველა განცხადება წაახალისებს ჩვენს ოპოზიციას, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღონ და ამ გადაწყვეტილებით მობრძანდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ევროკავშირის მაღალი ჩართულობა და ყველა ის პოზიტიური შეფასება, რომელიც არჩევნებთან მიმართებაში გაკეთდა, გვაფიქრებინებს, რომ ასევე პოზიტიურად უნდა შევხედოთ მოლაპარაკების შედეგებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება იმის რესურსი, ოპოზიციამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და არ მოხდეს სპეკულაციებით ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.