დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება არის მაგალითი, რა მძიმეა ვითარებაა იქ, სადაც ცენტრალური ხელისუფლება უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა მძიმეა ვითარებაა იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ უფლებამოსილებებს ვერ ახორციელებს.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რეალურად, კონტროლი არ ხორციელდება და ეს იცის მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნაც სწორედ ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური შეშვება დაიწყოს.ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავება არის დასაგმობი ფაქტი, არის სახე საოკუპაციო რეჟიმის”,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველო ყველა ფორმატს გამოიყენებს, რათა უკანონობის აღკვეთა და დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვოს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.
„24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.