დავით მათიკაშვილი - ეკა ბესელიას განცხადებები ადასტურებს, რომ მისი მიზანი სასამართლოში საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას განცხადებებს.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მისი განცხადებები ადასტურებს, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო.
„ამას რომ ვერ მიაღწია, იმიტომ არის გამწარებული ეკა ბესელია და სწორედ ამიტომ ხდება დღითი-დღე მისი ქმედებები უფრო არაადეკვატური, ხოლო მისი განცხადებები უფრო და უფრო აბსურდული“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.
„პარლამენტში მსგავსი ქმედება, რაც გუშინ ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი და დასაგმობია. რაც არ უნდა იყოს, დაპირისპირების მიზეზი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს ცდება”,- აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ყოფილი თანაგუნდელის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს.