დავით მათიკაშვილი - დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და რადიკალური ოპოზიცია გარედან იღებენ დავალებებს, ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ
დავით მათიკაშვილი - დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და რადიკალური ოპოზიცია გარედან იღებენ დავალებებს, ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ

დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართებიან და დავალებებს სწორედ იქიდან იღებენ. ისინი ისე იქცევიან, რასაც ქვეყნის გარედან პატრონები შეუკვეთავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მათიკაშვილის თქმით, ქვეყანა მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს.

„გინდათ, ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის წამოცდენა დაარქვით, გინდათ გულახდილი საუბარი, მაგრამ მისი განცხადება ზუსტი აღწერაა იმ მოვლენების, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, როცა გარედან შემოსული ინიციატივებით ხდება საკუთარი ქცევების ფორმირება, ხელმოწერა თუ ამაზე უარის თქმა. არ შეიძლება, ქვეყანა იმართებოდეს აგენტურის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ და ეს ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებზე გაიცემა, ვერავის მხრიდან კითხვის ქვეშ ვერ დადგება, გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს და არავინ სხვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთობლივად მუშაობა მოუწევს, თუმცა მათთვის ეს მარტივი არ იქნება.

„ცხადია, მათ შორის მუშაობა არჩევნების მერე არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არც ერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი, იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ. დღესაც კვლევები ამას გვეუბნება, რომ დაახლოებით ერთი წონის არიან ეს ოთხი პარტია. ვინ ცოტა უკან, ვინ ცოტა წინ, მაგრამ არავინ არის, რომელსაც შეუძლია, სხვები გასწიოს გვერდით. მეორე იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში, რადგან ისინი უკვე ეუბნებიან ამას. სხვათა შორის, თუ ხელი მოაწერეს, ესეც მათი დამსახურებაა, უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.