დავით მათიკაშვილი - დღეს სასამართლო არ არის კორუმპირებული და სახელმწიფოს მიერ მართვადი
იმისთვის, რომ სასამართლომ ნდობა მოიპოვოს, სახელებსა და გვარებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელობა აქვს მის მიერ გაკეთებულ საქმეებს და ამ ყველაფერს კარგი დანახვა, გააზრება და გაგება სჭირდება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“.
„დღეს სასამართლო არ არის კორუმპირებული და სახელმწიფოს მიერ მართვადი. ამის დადასტურებაა თუნდაც ხორავას ქუჩის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ პროკურატურას უთხრა – თქვენი სტანდარტი არ მაკმაყოფილებსო. არ არის არც ერთი, რაც სასამართლოს შევარდნაძის დროს აწუხებდა და არც მეორე, რაც მიშა სააკაშვილის დროს იყო. ხდება შიგნით განვითარება. ეს პროცესია და ამ სენსიტიურ პროცესში საპარლამენტო რესპუბლიკაში, ხანდახან, პარლამენტის მიერ ხდება ამ პროცესის საკუთარ ხელში აღება. დადგინდება კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება იმ მოსამართლეთა შერჩევა, რომლებიც შემდეგ უკვე პარლამენტში წამოვა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, სასამართლო კორუმპირებული იყო, 2003 წელს სისტემის დემონტაჟი მოხდა და ქვეყანამ სახელმწიფო ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად მართვადი სასამართლო მიიღო. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან კი ახალი ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სასამართლოზე წნეხი მოხსნილიყო და საშუალება მისცემოდა, თვითონ განვითარებულიყო. დეპუტატის განცხადებით, სისტემის სრული დემონტაჟი და მისი ახალი კადრებით შევსება ვერ მოხდებოდა, რადგან ქვეყანაში 300 მოსამართლე ფიზიკურად არ არსებობდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ 2012 წლიდან დღემდე სასამართლო კორპუსის მანამდე არსებული შემადგენლობის დაახლოებით 1/3 შეცვლილია და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, სასამართლო სისტემას ძალიან პოზიტიური მიღწევები აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს გარკვეული ტიპის პროფესიულად დახვეწილი კრიტერიუმების შექმნა იმ ადამიანების პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რომლებთანაც მორალური კითხვები არსებობს, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ერთიანია, ის რაღაც გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მივა და საბოლოოდ, პროცესი იმით დასრულდება, რომ სასამართლო ბოლომდე დამოუკიდებელი და მაღალპროფესიული იქნება.