დავით მათიკაშვილი - დესტრუქცია და ხელის შეშლა „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია
საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია, შეზღუდულია მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში, – ამის შესახებ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია დესტრუქცია, რასაც კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.
„დესტრუქცია და ხელის შეშლა „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშანია. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება მოთმენილი. როგორც კი, კანონის დარღვევას ექნება ადგილი, ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პოლიტიკურ ცხოვრებაში დესტრუქცია შეიტანოს. სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რასაც საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია საპროტესტო აქტივობების განახლებას ხვალიდან გეგმავს.