დავით მათიკაშვილი - დავოსის ფორუმზე პრემიერის ვიზიტი წარმატებული იყო, შედეგები უსწრაფესად აისახება ქვეყნის სწორ, სტაბილურ განვითარებაზე
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვაძლევს საშუალებას საერთაშორისო დონეზე უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი მსოფლიო პოლიტიკის, კერძო და სამოქალაქო სექტორის ლიდერებს, მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ გლობალური კეთილდღეობის პროცესებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს ევროპული მისწრაფებები, უსაფრთხოების საკითხები, ოკუპაციის პრობლემა, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება და სხვა საკითხები.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების სახით. კერძოდ, ირაკლი მეზურნიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე – „მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკონომიკის გაციფრულება“, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.