დავით მათიკაშვილი - ცვლილების მიხედვით, კერძო პირიდან სესხის აღების დროს ბინისა და სატრანსპორტო საშუალების დაგირავება და იპოთეკით დატვირთვა არ შეიძლება
დავით მათიკაშვილი - ცვლილების მიხედვით, კერძო პირიდან სესხის აღების დროს ბინისა და სატრანსპორტო საშუალების დაგირავება და იპოთეკით დატვირთვა არ შეიძლება

ცვლილების მიხედვით, რომელიც ერთი მოსმენით იქნა განხილული, არ შეიძლება, კერძო პირიდან სესხის აღების დროს დაგირავდეს, ან იპოთეკით დაიტვირთოს ბინა და სატრანსპორტო საშუალება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ბინის და სატრანსპორტო საშუალების იპოთეკით დატვირთვის და უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ სესხს ბანკი იძლევა. რადგან ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკის მიერ კონტროლირდება, იქ მეტი მზაობაა, სწორი, გამართული წესები მივიღოთ, რადგან ის მონიტორინგის ქვეშაა, ხოლო რადგან კერძო სექტორი მონიტორინგის ქვეშ არ არის, შესაძლოა, აქ ყველაფერი მოხდეს და როგორც კერძო მევახშე, ასევე ბანკი არაპროფილური მიმართულებით წავიდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ კუთხით ბანკებს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ და ეროვნული ბანკი პროცესებს კიდევ უფრო დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, რათა რომელიმე კომერციული ბანკი არაპროფილური აქტივობისკენ არ გადაიხაროს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია მხოლოდ ჭარბვალიანობის დაძლევა სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ სოციალურ ფონზე მათ შორის, ჭარბვალიანობაც მოქმედებს, პრობლემის იდენტიფიცირება კი, პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯია და ხელისუფლება სწორედ აქეთკენ მიდის.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იქნება მხარდაჭერილი, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფერხებას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს.

„ფინანსური სექტორი ეკონომიკისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორთან მიმართებაში ყველა ნაბიჯის გადადგმას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. ნაბიჯები კი, რომელსაც ახლა ვდგამთ, ფინანსური სექტორის სტაბილურობას გაამყარებს. მაგალითად, თუ სესხის გაცემის დროს კარგად შემოწმდება, არის თუ არა სესხის დაბრუნების საშუალება, ბანკს გაცემული სესხის უკან დაბრუნების მეტი გარანტია მიეცემა და ეს მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ინიციატივები მოქალაქეთა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საბანკო სექტორისთვის კი, უფრო მეტი სტაბილურობის შემძენი.