დავით მათიკაშვილი - ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია
ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ეს იყოს შემოქმედებით ნაწარმოებში, რა თქმა უნდა, არის დაცული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მაღალი შეფასება ეძლევა იმ მონაპოვარს, რომ კონსტიტუციით და რეგულაციის წესით, რაც ქვეყანაში არსებობს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურადაა დაცული.
„კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ეს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მომავალია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღვარს გადავა და იქნება კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.