დავით მათიკაშვილი - აზრის გამოხატვამ, ნებისმიერმა აქციამ არ უნდა გადალახოს წითელი ხაზები
დავით მათიკაშვილი - აზრის გამოხატვამ, ნებისმიერმა აქციამ არ უნდა გადალახოს წითელი ხაზები

ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ესკალაცია არ მოხდება, რომ ჩვენს საზოგადოებაში კეთილგონიერება იმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კინოთეატრებთან არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

„ჩვენს ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი როგორც სიტყვის, ასევე აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს იქნება გამოხატული რომელიმე ნაწარმოებში, ფილმში თუ ეს იქნება კონკრეტულ აქციაში კონკრეტული ჯგუფების მიერ. ორივე შემთხვევაში, ჩვენს თანამოქალაქეებს აზრის გამოხატვის საშუალება, რა თქმა უნდა, თავისუფლად ეძლევათ. მეორე საკითხია ის, რომ აზრის გამოხატვამ, ნებისმიერმა აქციამ არ უნდა გადალახოს წითელი ხაზები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, რამეთუ ნებისმიერი ასეთი ქმედება კრიმინალს წარმოადგენს და ისჯება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია არ მოხდება, რომ ჩვენს საზოგადოებაში კეთილგონიერება იმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ყოველგვარი კიდევ უფრო მეტი ექსცესის გარეშე დასრულდება დღევანდელი დღე. თუ არის სამართალდარღვევის ფაქტები და არსებობს კრიმინალი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა შესაბამისად უნდა იმოქმედონ. ეს არის ის პრინციპი, რომელიც დაცულია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქციები ასევე იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.