დავით მათიკაშვილი - აშკარაა, რომ რაღაც ძალას არ სურს, მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდეს, ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს პარტნიორების რჩევები
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებზე როცა საუბრობს, სწორედ მაშინ ხდება ფალსიფიცირებული სივრცის შექმნა და ტყუილის ტირაჟირება,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ გარკვეულ ძალას არ სურს, მოლაპარაკება შედგეს და შეთანხმებით დასრულდეს.
„ჩვენ შესაძლებელია, აქაც ვიქონიოთ მოვლენათა განვითარების გარკვეული ხედვა. როდესაც მამუკა მდინარაძე საუბრობს ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებზე, სწორედ მაშინ ხდება ფალსიფიცირებული სივრცის შექმნა და ტყუილის ტირაჟირება, რომელიც, მათი აზრით, ოპოზიციის მხრიდან იმ პოზიტიური ნაბიჯების პრევენცია იქნება. რეალურად აშკარაა, რომ რაღაც ძალას არ სურს, მოლაპარაკება შედგეს და დასრულდეს შეთანხმებით, პარტიებმა მიიღონ ზეპარტიული გადაწყვეტილება, ყველა შებრძანდეს პარლამენტში.
როდესაც ვსაუბრობთ კომპრომისებზე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დღეს უკვე ორი მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ის, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნა, სურვილი. პირველი – საარჩევნო კუთხით მიდის აქტიური რეფორმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასევე, მუშაობს საგამოძიებო კომისია, რომელმაც არჩევნების შედეგები უნდა მოიკვლიოს. ჩვენ ჩავატარებთ ძალიან ღია გამოძიებას და თუ 1 პროცენტამდე რაიმე სახის ცდომილებაზე იქნება საუბარი, „ქართული ოცნების“ პირობა რა თქმა უნდა ძალაშია. ამ ორი მიმართულებით, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა, მუშაობა მიმდინარეობს, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ და შეთანხმდნენ, გაიზიარონ საერთაშორისო პარტნიორების რჩევები და კონსტრუქციული წინადადებებით მობრძანდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ აქვთ გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამენ.