დავით მათიკაშვილი - არის აშკარა მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების, ცდილობენ, ნეგატიური მანტია მოარგონ, როცა დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში იმაზე მეტი პოზიტიური საქმე არ გაკეთებულა, ვიდრე მან გააკეთა
არის აშკარა მცდელობა ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების ბიძინა ივანიშვილზე და ცდილობენ, მას ნეგატიური მანტია მოარგონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის წერილს გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის ინსტიტუციური გაძლიერების მექანიზმი და ის არ შეიძლება, პიროვნებებზე იყოს მორგებული, მაშინ, როდესაც კანონი, რომელიც უკრაინაში იქნა მიღებული და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, ამ კანონზე მიდის მუშაობა, რაც გაძლიერებულ ინსტიტუციებს გულისხმობს, რომელიც მოჭარბებული გავლენის მქონე პირებისგან სახელისუფლებო რგოლებს დაიცავს და პიროვნებებზე არ არის საუბარი, არის აშკარა მცდელობა ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანზე, რომელსაც ცდილობენ, ნეგატიური მანტია მოარგონ მაშინ, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ იმაზე მეტი პოზიტიური საქმე არ გაკეთებულა, ვიდრე მან გააკეთა. ეს არის ის აბსურდული რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველანი დავდექით და სულ მცირე, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, ამ ყველაფერს სათანადოდ არ გაეცეს დასაბუთებული პასუხი, სადაც ძალიან კარგად იქნება ახსნილი, რა ხდება რეალურად და რატომ გვაქვს საქმე ამ უცნაურ მოვლენებთან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ვერც ერთი დოკუმენტი და მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერევა.
„2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო, ეს ნახევრად ტირანული რეჟიმი დაესრულებინა. აი, ამას ვერ პატიობენ და ამიტ
ომ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის, მაშინაც კი, როცა ის პოლიტიკიდან გასულია. ფაქტორი არსებობს, მაგრამ ის პოლიტიკაში არ ერევა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა შესრულდეს დეპოლარიზაციის ამოცანა, რაც საბოლოოდ, ევროკავშირმა უნდა შეაფასოს, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირიც ვერ მოიგონებს ისეთ კრიტერიუმს, რომელიც რეალურ მოცემულობასთან არ იქნება კავშირში.
„ევროკავშირშიც ძალიან კარგად ესმით, რომ ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონს და დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემენ, სადაც არჩევნები ტარდება და ამ არჩევნებში იმარჯვებს კონკრეტული პარტია, სადაც საზოგადოებისთვისაც ნათელია, რომ საკუთარი დესტრუქციული მიზნებისთვის დესტრუქციული პარტია საზოგადოების იმ ნაწილსაც ვერ კრებს, რომელიც მიდის და ხმას მას აძლევს, „ქართულ ოცნებას“ იმას ვერ მოსთხოვ, რაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ გასაკეთებელი არ არის. დანარჩენზე, კი ბატონო, პასუხისმგებელი ვართ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ღრმად არის დარწმუნებული, ევროკავშირიდან იქნება ამ პროცესის საღი შეფასება.
„საბოლოო ჯამში, იმ პირებს, რომლებიც დღეს ასეთი რადიკალური, პროცესიდან გვერდზე მდგომი ქცევით გამოირჩევიან, ალბათ, მინიმუმ, მოუწოდებენ მაინც ევროკავშირიდან, რომ ჩაერთონ პროცესებში და შეასრულონ ქვეყნის წინაშე თავიანთი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ არ გაუგზავნა ევროპამ რუსეთს ისეთივე სიმბოლური პოლიტიკური გზავნილი კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, როგორიც უკრაინის და მოლდოვასთან მიმართებაში გააგზავნეს, რომ ევროპა უკრაინას და მოლდოვას უყურებს, როგორც მისთვის პოლიტიკურად საინტერესო სივრცეს და რატომ აქვს მმართველ გუნდს მოლოდინი, რომ ევროკავშირის შეფასება ექვსი თვის შემდეგ სამართლიანი იქნება, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო რუსეთის მიმართ გზავნილი, რომელიც ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკურ ამბიციებს, გეოპოლიტიკურ სურვილებს გამოხატავს და ექვსი თვის შემდეგ ევროკავშირი ასევე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.