დავით მათიკაშვილი - არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს მოვუწოდებ, შეეგუონ და ეს ფაქტი მიიღონ
არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა, ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს მოვუწოდებ, შეეგუონ და ეს ფაქტი მიიღონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლას და ოპოზიციასთან შეხვედრას გამოეხმაურა.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ეს პოლიტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანას არ მტრობენ, მაგრამ მათი საქმე საპირისპიროს ამტკიცებს. მეგობარი ქვეყნების პარლამენტის წევრები არჩევნების წინ აშკარად ანტიქართული განცხადებებით, აქციებზე დგომით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით საქართველოს კანონმდებლობას არღვევდნენ და წინასაარჩევნო პროცესებში ერეოდნენ. დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მწარე მარცხი იწვნია, ეს ადამიანები კვლავ ჩამოვიდნენ, რადიკალურ ოპოზიციას მაშველ რგოლად შეეგებნენ და მათ გამხნევებას ცდილობდნენ. დიპლომატია საკმაოდ რთული და ფაქიზი საქმეა. ვიდრე ისეთ პროცესში ჩაერევი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიუღებელია, ნებისმიერ მხარეს ბევრი დაფიქრება მართებს. არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა კონტრპროდუქტიული და ასევე კანონით აკრძალულია.
არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მწარე მარცხის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ რეალობის გააზრება მოხდეს, ოპოზიციას ამხნევებენ. 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამიტომ ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს მოვუწოდებ, ამას შეეგუონ და ეს ფაქტი მიიღონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.