დავით მათიკაშვილი - არჩევნების შემდეგ არსებობს ალბათობა, რომ რადიკალურმა დაჯგუფებამ პარტიის სახე დაკარგოს, ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადინებებიც იქნება
არჩევნების შემდეგ ნამდვილად არსებობს ალბათობა, რომ ამ რადიკალურმა დაჯგუფებამ საერთოდ პარტიის სახეც კი დაკარგოს, ვფიქრობთ, პარტიიდან გადინებებიც იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, თითოეულ კანდიდატს წინასაარჩევნოდ თავის გამოჩენის სურვილი როგორც კი გაუჩნდა, „გაშიშვლდა ბინძური შიგთავსი, რომელიც პარტიას პოლიტიკურად გააჩნია“.
ამასთან, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციიდანაც მალე წავა.
„ეს ყველაფერი, სიმბოლურად, ვირთხების რბოლას ჰგავს. პარტიაში არის ძალიან სერიოზული პრობლემა, უფრო სწორად, ეს პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, როგორც კი შიგნით გაუჭირდათ და სურვილი გაუჩნდათ, თითოეულმა კანდიდატმა წინასაარჩევნოდ თავი წარმოაჩინოს, გაშიშვლდა ბინძური შიგთავსი, რომელიც ამ პარტიას პოლიტიკურად გააჩნია. ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელი, ყველაფერზე ხელის მომწერი ვაი პოლიტიკოსები, რომელთათვის საქართველოს პოლიტიკური მომავალი არ არსებობს. საქართველოს პოლიტიკური მომავალი უნდა იყოს ჯანსაღი. 2012 წელს ხელისუფლებიდან ხომ წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციიდანაც მალე წავა, რადგანაც არ მგონია, გაუძლოს ამ შიდა ურთიერთობების ძალიან მაღალ დონეზე დაპირისპირებას. მათი ელექტორატისთვის ძალიან ნათელი ხდება, რომ მათი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი. პარტია საზოგადოებას კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ არ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე სახით მობრუნდეს ხელისუფლებაში. ეს რღვევა იმდენად აშკარაა და იმდენად დიდი ტემპით მიმდინარეობს, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილად არსებობს ალბათობა, ამ რადიკალურმა დაჯგუფებამ საერთოდ პარტიის სახეც კი დაკარგოს. ვფიქრობთ, ამ პარტიიდან გადინებებიც იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.