დავით მათიკაშვილი ანა დოლიძეს ურჩევს, უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილოს, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს
დავით მათიკაშვილი ანა დოლიძეს ურჩევს, უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილოს, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ანა დოლიძეს ურჩევს, უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილოს, ვისაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იწყალებს.

ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატი ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მან ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის მეუღლეების სასამართლო სისტემაში საქმიანობაზე ისაუბრა. მათიკაშვილის თქმით, მისი მეუღლე მოსამართლედ შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ დაინიშნა.

“ჩემი მეუღლე სასამართლოში დიდი ხანი მუშაობდა. თუ არ ვცდები, 2009 წლიდან. მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლა აქვს დამთავრებული. შესაბამისი გამოცდები ჩააბარა და მოსამართლედ დაინიშნა. ამაში გასაკვირი არაფერია. სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა და ვის რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს? რვა წლის წინ ზარდიაშვილის მეუღლე სასამართლოში პირველ საფეხურზე დაინიშნა და ვანოს რა ექნა, საპარლამენტო ცხოვრებაზე ეთქვა? ან ჩემს მეუღლეს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა, რადგან პარლამენტში ამირჩიეს? ანა დოლიძეს ვურჩევდი, უფრო მეტი ყურადღება იმ ადამიანებზე გაამახვილოს, ვისაც პრეზიდენტ იწყალებს. ბრალდების მიხედვით, შეწყალებულთაგან ერთი ნარკოგამსაღებელი იყო, რომლის წინა დანაშაულში ასობით სუბოტექსზე იყო საუბარი , ახლა კი შეწყალებული მოძალადე აღმოჩნდა, რომელმაც საშინელი მკვლელობა ჩაიდინა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად დაფიქრება მართებთ.

„შეწყალების ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ის დისკრეციაა, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული. ეს უფლება ქვეყნის პირველ პირს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სხვა საკითხია, რა კრიტერიუმით არჩევს ადამიანებს, ვისაც იწყალებს. ალბათ, მეტი დაფიქრება მართებს როგორც კომისიას, ასევე პრეზიდენტს, სანამ გადაწვეტილებას მიიღეებენ, რადგან საზოგადოებამ ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯის შედეგი ორჯერ იხილა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.