დავით მათიკაშვილი - ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია, სტრატეგიულ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ მცდელობები, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს არადემოკრატიული გზით
ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ეს ურთიერთობები, გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად გადასახედია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის იმ განცხადებაზე, სადაც მილერი ამბობს: „ჩვენ განვაცხადეთ, რომ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ“.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობები და ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ისეთი ექსტრემისტული პროცესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პროცესებს ან სათავეში ედგნენ, ან მათი განხორციელების წყარო უნდა გამხდარიყვნენ. ეს მოცემულობა იძლევა საფუძველს, რომ როგორც ჭეშმარიტად პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები ვიზალიბერალიზაციით, პირდაპირი ფრენებით, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და არა გამუდმებული მცდელობა, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს რაღაც არადემოკრატიული გზით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.