დავით მათიკაშვილი - ახლახან აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინულ მხარეს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტი გაუწვევია, რაც, სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩს არ უთქვამს
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უკრაინულ მოდელზე დასკვნას ველოდებით. ახლახან აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ პროექტი უკრაინულ მხარეს გაუწვევია, რაც, სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩს არ უთქვამს. ჩვენ ეს ინფორმაცია აშშ-ის ელჩისგან მივიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინული კანონპროექტის ანალოგიური პროექტი მიიღო, რათა დამატებითი პოლიტიკური ინსინუაცია არ გაჩენილიყო.
„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტზე ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებმა ძალიან მაღალი დასკვნა გააკეთეს. „თამამი ნაბიჯი“ – ასე შეაფასა ევროკომისარმა უკრაინული კანონპროექტი, რითიც ყველაფერი ნათქვამია. უკრაინულ მხარეს მის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის ვალდებულებაც კი მიეცა მაშინ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ფაქტია, რომ უკრაინულ პარლამენტს ვენეციის კომისიაში კანონპროექტი გადაგზავნილი ჰქონდა, მისი ანალოგიურია ქართული კანონი. უკრაინულ კანონს ევროკომისიისგან მაღალი შეფასება ჰქონდა და ახლახან გახდა ცნობილი, რომ უკრაინულმა მხარემ მის მიერ მიღებული კანონი უკან გაიწვია. ქართულმა მხარემ უკრაინული კანონპროექტის ანალოგიური პროექტი მიიღო, რათა დამატებითი პოლიტიკური ინსინუაცია არ გაჩენილიყო“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.