დავით მათიკაშვილი - არაღიარების პოლიტიკით საქართველო არის წარმატებული, ნებისმიერი ქმედება, სადაც არ მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლება, არის უკანონო
რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ დღეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერებმა და რუსეთის ფედერაციის ლიდერმა, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გაცდენილი ქმედება, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი, რაც კეთდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, არის უკანონო, არალეგიტიმური და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება.
„ოკუპაცია ადრე თუ მალე დასრულდება, ღრმად ვარ დარწმუნებული. საგარეო პოლიტიკის კუთხით ძალიან ბერი ხერხია, რასაც რუსეთი იყენებს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ეს არის მთავარი, რომ არაღიარების პოლიტიკის კუთხით საქართველო არის წარმატებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ნებისმიერი ასეთი ქმედება, სადაც არ მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლება, ე.ი. საერთაშორისო სამართალი, არის უკანონო და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.