დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ შალვა შავგულიძის საქციელს მორალური კუთხით გამართლება არ აქვს
ჩემდა სამწუხაროდ, შალვა შავგულიძე იმ ადამიანების გვერდზე დგას, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ ისეთი შედეგები გამოეწვიათ, რა შედეგიც კონკრეტულად სანდრო გირგვლიანთან მიმართებაში დადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, შავგულიძის საქციელს მორალური კუთხით გამართლება არ აქვს.
„ბატონ შალვას კითხვა დაუსვით, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები? ის თვლის, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან? ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც იმ სისტემის საფუძველი შექმნეს. ამ სისტემის შემოქმედი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო. დღეს შალვა შავგულიძე სწორედ ამ ადამიანების გვედით დგას. მორალური კუთხით ამ პოლიტიკოსის საქციელს გამართლება სად აქვს?
ჩვენ ვსაუბრობთ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატზე, რომელმაც „შეძლო“ და იმ ძალასთან გაერთიანდა, ვინც ის სისტემა შექმნა, რომელმაც სანდრო გირგვლიანი მოკლა. სისტემა ზედა ეშელონების პოლიტიკოსების მიერ იქმნებოდა. ძალიან დიდი ნაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ბევრი მაღალჩინოსანი რომელსაც უშუალო დანაშაული მიუძღვით ცხრაწლიანი სისხლიანი პერიოდიდან გამომდინარე, დღეს სასჯელს იხდის. ზოგი გაქცეულია. ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩემთვის პირადად, როგორც პოლიტიკოსისთვის, სრულიად მიუღებელია, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იმ ადამიანების გვერდით იდგეს და იმ ადამიანთა შეხედულებებს იზიარებდეს და პირიქით ამ შეხედულებების პროპაგანდას თვითონ ახდენდეს, რომლებმაც ის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, რამაც სანდრო გირგვლიანი მოკლა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.