დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვება სწორი ნაბიჯი იქნებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ მანდატის დატოვება სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი უმრავლესობიდან გასული ექვსი დეპუტატი საკუთარ რეიტინგს არჩევნებით გამოსცდის.
„საპარლამენტო არჩევნები ყველაზე რეალური ინდიკატორია იმის, თუ საზოგადოება როგორ უჭერს მხარს ამა თუ იმ პარტიას. როდესაც ერთი პარტიის წიაღით მოახდინეთ პარლამენტში შემობრძანება, იმ განცხადებების ფონზე რაც მოვისმინეთ, სწორი იქნებოდა, თუ ისინი მანდატებს დატოვებდნენ, საკუთარ რეიტინგს კი არჩევნებში გამოსცდიდნენ. ჯობს, ჯერ პარტია შეიქმნას და პარლამენტში შემოსვლას ყველა პარტიის წიაღით ეცადოს.
როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის სიით საზოგადოებამ აირჩია ესა თუ ის მაჟორიტარი და შემდეგ ეს ადამიანი ამ პარტიიდან გადის, პოლიტიკურად სწორია, მანდატი დატოვოს, თუ ის სწორად შეაფასებს მოპოვებული მანდატის შინაარსს, რომ მან ეს მანდატი არა პიროვნულად, არამედ პარტიის წიაღში მიიღო. თუ ის პარტიასთან ურთიერთობას ასრულებს, ცხადი და ლოგიკურია, მან ბედი კვლავ არჩევნებში სცადოს და არჩევნების გზით შეეცადოს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას და არა კონკრეტული პარტიის ბენეფიტებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.