დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მოსმენა ფორმალურად მოხდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მოსმენა ფორმალურად მოხდება.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, სიის განხილვა არ მოხდება.
„მოსამართლეთა მომართვა რეალობის პოზიტიური აღქმაა, რასაც დადებითად ვაფასებ. პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, რომელიც კრიტერიუმებს შეიმუშავებს, რითაც შემდგომში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენა მოხდება. კონსტიტუციით, სიის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს, მაგრამ სიის მოსმენა მოხდება და არა განხილვა. შემდეგ კრიტერიუმების გაწერა და კანდიდატების შერჩევა მოხდება. გამარჯვებულ-დამარცხებულზე საუბარი არ არის, მთელი ქვეყანა იმარჯვებს, როცა კრიტერიუმებს ვადგენთ და მოსამართლეებს ვარჩევთ. საზოგადოების მაჯის ცემას ადეკვატურად შეხვდა როგორც იუსტიციის საბჭო, ასევე პარლამენტი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილონ. განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.