დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის სტილში აგრძელებს პროვოკაციურ კრიმინალურ ქმედებებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროვოკაციულ ქმედებებს გაერიდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
„ბოლნისის სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის მხარდამჭერები აკრავდნენ პლაკატებს, რა დროსაც მოხდა პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თუმცა ამ პროვოკაციას ხელი შეუშალა რამდენიმე პირმა. აქტივისტები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას. შემდეგ იქვე ჩაიხანასთან იყო მეორე მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ისევ უშედეგოდ. უკვე ამის შემდეგ, მესამედ, „ქართული ოცნების“ ოფისთან 25-30 კაციანი ჯგუფის ორგანიზება მოახდინა „ნაცმოძრაბამ“. ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რომ რეაგირება არ მოჰყვა, გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდაზმცველი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება დღეს მოხდა.