დავით მათიკაშვილი - 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, კონკურენტი არ ეყოლება
დავით მათიკაშვილი - 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, კონკურენტი არ ეყოლება

ჩვენს ქვეყანაში როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური საქმიანობის უფლება გააჩნია ყველას, ეს კანონით არის განსაზღვრული და დადგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების ინიციატივის შესახებ.

მათიკაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გულისხმობს, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური ტრადიცია ასეთ შემთხვევებს იცნობს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა, ცხადია, პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გულისხმობს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციები, როდესაც სწორედ ასე მომხდარა. ნების გამოხატვა პოლიტიკური აზრის გამოთქმა და შესაბამისად, სოციალური გავლენის მოპოვება პოლიტიკური პარტიის კუთხით, ეს არის ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით აღიარებული უფლებები. მეორეა, თუ ასე მოხდა, რა შედეგს  გამოიღებს პოლიტიკურ ჭრილში ეს ყველაფერი“, – განაცხადა დეპუტატმა.

მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, კონკურენტი არ ეყოლება.

„ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, კონკურენტი არ ეყოლება და ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს არჩევნებზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანია პასუხგასაცემი, ხელისუფლების მხრიდან ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

„ხაზარაძის ირგვლივ უფრო მეტი კითხვის ნიშანია, რომ პასუხი გაეცეს, ვიდრე პირიქით, ჩვენი მხრიდან ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ეროვნული ბანკის კუთხით, კომერციულ ბანკთან გარკვეულია ყველაფერი და შესაბამისი განცხადებები გაკეთდა. ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ფარატინა ფურცლებზე, რომლებიც თითქოს, რაღაც  ინფორმაციის შემცველი იყო და აღმოჩნდა, რომ ეს საერთოდ ფარატინა ფურცლები იყო. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც არ ჩანს და არ ვიცით. შესაბამისად, კითხვის ნიშნები იქით უფრო მეტია და გასარკვევია, რას ფიქრობდა და რას გულისხმობდა მამუკა ხაზარაძე, როდესაც ამ თემებზე საუბრობდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინიციატივები ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ის საქართველოში რეალიზდება.

„სხვა არის, რა პოლიტიკურ შედეგებს და დივიდენდებს მიიღებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.