დავით მათიკაშვილი - 11 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი სააკაშვილი ტყუილებით და თვალთმაქცობით ცდილობენ, საზოგადოებას დაავიწყონ სადიზმით გაჟღენთილი წლები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 11 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი მიხეილ სააკაშვილი ტყუილებით და თვალთმაქცობით, ფაქტების მოდელირებით ცდილობენ, საზოგადოებას დაავიწყონ სადიზმით და კაცთმოძულებით გაჟღენთილი წლები.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მათიკაშვილმა გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება და სამართალი ნელი ტემპით, თუმცა საბოლოოდ მაინც აღწევს თავის მიზანს.
„ჩვენი საზოგადოება ქართული თუ ევროპული სასამართლო ინსტანციებიდან კვლავაც იგებს შემაძრწუნებელ ამბებს სააკაშვილის ტირანული რეჟიმის დანაშაულების შესახებ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მან ყოფილი პატიმრის, აკაკი ოჩიგავას საქმე გაიხსენა, რომლის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტი 2023 წლის 17 თებერვალს სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ აღიარა.
„ამ ყველაფრის ფონზე როგორი ასატანია ამ სადისტური რეჟიმის მხრიდან მუდმივი და უწყვეტი ციკლი ტყუილებისა, თითქოს „გულაგების პრეზიდენტი“ სააკაშვილი, საქართველოს და ევროპული სასამართლოების მიერ დადასტურებული არაერთი დანაშაულისთვის სრულიად სამართლიანად რომ იხდის სასჯელს ოროთახიან სამოქალაქო კლინიკაში, კვალიფიციური ექიმების და ოჯახის წევრების გარემოცვაში, განიცდის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. დიახ, „გულაგების პრეზიდენტ“ სააკაშვილის მანიპულაცია და სასჯელის ამგვარ პირობებში მოხდისთვის წამების კვალიფიკაციის მინიჭება წამების მსხვერპლთა, იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომლებსაც მისი რეჟიმი წლების განმავლობაში ანადგურებდა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.