დავით მაღრაძე - ჩვენმა ახალგაზრდებმა გამარჯვებას გემო გაუგეს, რაც ახალი გამარჯვებებისკენ აქეზებს ადამიანს
დავით მაღრაძე - ჩვენმა ახალგაზრდებმა გამარჯვებას გემო გაუგეს, რაც ახალი გამარჯვებებისკენ აქეზებს ადამიანს

ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რადგან გამარჯვების გემო ისეთი მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ეს გემო ახალი გამარჯვებებისკენ აქეზებს ადამიანს, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს გემო ძალიან მნიშვნელოვანია და ამაღელვებელი, რომელიც ადამიანს სულიერად, ზნეობრივად აგამაღლებს, რაღაც ახალი მწვერვალებისკენ გიბიძგებს, იმედს გინერგავს და ნუგეშის გარეშე აღარ გტოვებს; განსაცდელის დროს ფარ-ხმალს აღარ დაყრი ადამიანი, ისევ ნუგეშს მოუხმობ, ისევ გაიმხნევებ თავს და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენმა ახალგაზრდებმა ამ გამარჯვებას რომ გემო გაუგეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ქრონოლოგიურად მიჰყვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„რასაკვირველია, სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დოკუმენტია და თუ დოკუმენტს შინაარსი არ მოჰყვა და ყოფაში არ გადაიზარდა, რაც, სასურველია, რომ მოხდეს, არ გამოვა. დოკუმენტით, უბრალოდ, შანსი გეხსნება, მაგრამ მერე ამის აქტუალიზაცია უნდა მოხდეს, ევროპასთან ცხოველი კულტურული ურთიერთობის დამყარება. ფრაგმენტული ურთიერთობები არის და ყოველთვის იყო, მაგრამ მე ვამბობ სრულფასოვან ურთიერთობაზე, რაშიც აუცილებლად გადაიზრდება. ფეხბურთს რაღაც თავისი მაგია აქვს, რომელიც შეიძლება არაფერს არ ჰქონდეს. მთელი სამყარო უცდის მსოფლიო ჩემპიონატს, იქაური ფალავნები ყველაზე დიდი ვარსკვლავები ხდებიან და ყველაზე სასურველი სახილველი ვარსკვლავები ჰყავს ხოლმე სპორტის ამ სახეობას. 1981 წელი, მინდა, გავიხსენო, როდესაც დიდი გამარჯვება დადგა. „თბილისის დინამოც“, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები იყო, ოღონდ „თბილისის დინამო“ ერქვა. იქ მოხდა დიდი გამარჯვება და 1981 წლის გამარჯვება წინ უძღოდა ამ დიდ გამარჯვებას. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვარსკვლავების ცვენა იყო იმ პერიოდში, მაგრამ, ვფიქრობ, დათო ყიფიანმა გარდატეხა შეიტანა არა მარტო ქართულ საბჭოთა ფეხბურთში, არამედ საზოგადოების ცნობიერებაში. ვგულისხმობ იმას, რომ მან გატეხა პერიფერიული სინდრომი უცხოეთის მიმართ, რომ თურმე შეიძლება, ცალ ფეხზე კი არ იდგე, ღირსეულად იდგე, ღირსეულად იყო ამ ყოფაში და ღირსეულად მიაღწიო დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა მაღრაძემ.

დავით მაღრაძემ სპორტში გამარჯვება დაუკავშირა 25 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, დანტე ალიგიერის თბილისის კომიტეტის მიერ დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, სადაც ვასილ მაღლაფერიძესთან და გია მურღულიასთან ერთად სტუმრად იყო მიწვეული.

„იქ ახალგაზრდები გამოვიდნენ და „ღვთაებრივი კომედიიდან“ ნაწყვეტებს კითხულობდნენ. მრავალფეროვნებისთვის ვამბობ ამას. მესამე დღეს ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ ახალგაზრდები. მათთვის დანტე ალიგიერიც რაღაც მშობლიური სამყაროსავით იყო, იქ რაც ვნახეთ და აქეთ ასეთ წარმატებას აღწევენ. მარტო სპორტიც რომ იყოს, ამასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იქ უკვე ინტელექტუალური ნაკადი ჩვენი თვალით ვნახეთ, რა ემოციით, როგორი განწყობით და მოკრძალებით კითხულობდნენ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ნაწყვეტებს. ეს ყველაფერი ერთად არის“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე ომებია, ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხეების წინაშეა და ამ დროს ყოველდღიური სიბრძნე გვმართებს.

„ეს არ არის ერთჯერადი აქტი, რომ დღეს მშვიდობიანად ჩავათავე საღამო, კარგად ვართ და დღეის ამას იქით ომი აღარ იქნება. როგორც კეთილისა და ბოროტის ბრძოლა არ არის ასე, რომ ერთჯერადად ვერ გაიმარჯვებ ბოროტებაზე, ასე მუდმივად გვმართებს მხნეობა და სიკეთის წყურვილი. ჩვენმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიბრძნით უნდა ვიაროთ, თითქოს ბეწვის ხიდზეა გასავლელი. იცით, სად გამოჩნდა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და სად გამონათდა ის, რომ საზოგადოებამ და სახელმწიფოებრიობის განცდამ სხვა სიმაღლის საფეხურზე აიწია? კვეკვესკირმა რომ გამარჯვების პენალტი დაარტყა და გოლი გაიტანა, ამ ბედნიერების წუთებში ამ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი კაცი არ ივიწყებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და უზიარებს ამ გამარჯვებას იმ ხალხს, იქ მყოფ ადამიანებს, რომ საზღვრებს ვერ ვხედავ, ეს თქვენი გამარჯვებააო. ეს იყო განცდის სიმძაფრეც და აზროვნების კატეგორიაც, ერთობლივად; სულ სხვა საფეხური აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ ამ ბიჭის სიტყვებში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.