დავით მაღრაძე - ძლივს გარისკა ხალხმა, სიახლის ძიება დაიწყო, ხმები გადანაწილდა „გირჩზე“, „აღმაშენებელზე“, „ლელოზე“ და ახლა ისინი ისევ მიშასთან გადაგვამისამართებენ?
როგორც იქნა, ხალხმა დაიწყო გადაწყვეტილების მიღება, დაიწყო ახლის ძიება და საკმაო რაოდენობამ არც მოქმედ და არც წინა ხელისუფლებას მისცა ხმა. ხმები გადანაწილდა „გირჩზე“, „აღმაშენებელზე“, „ლელოზე“. ასეთები ბევრნი არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვენდეთ ამ ადამიანებს და ისინი ახლა ისევ მიშასთან გადაგვამისამართებენ, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მაღრაძის თქმით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მას აქვს უფლება და სურვილი, ენდოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
„გავეცანი ჩვენი ყველაზე მტკიცე და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს უფლება და სურვილი, ვენდო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. მოვისმინე აშშ-ის ელჩის განცხადებაც, საერთაშორისო მისიების დასკვნებიც და ყველა ამბობს, რომ ხარვეზების გათვალისწინებით არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს ასეა, შედეგიც გამოჩნდა“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს პროცესი უპირობო პროტესტში გადაიზრდებოდა, თუ ცესკო მათთვის სასურველ შედეგებს არ გამოაცხადებდა.
„რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება, ხელისუფლებაში იყო და საფრთხეს იყო მუდამ – თავისი რყევებით, სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვით და ა.შ., ოპოზიციაშია და აქაც საფრთხეს წარმოადგენს მუდამ.
მინდა მივმართო, როგორც მოქალაქემ, იმ პარტიებს, რომელსაც სააკაშვილი „პარტიუკებს“ ეძახის, მაგრამ მე არ მინდა, ასე შეურაცხმყოფელად მივმართო, რადგან მათ უკან არიან ამომრჩევლები. როგორც იქნა, ხალხმა დაიწყო გადაწყვეტილების მიღება, დაიწყო ახლის ძიება და საკმაო რაოდენობამ არც მოქმედ და არც წინა ხელისუფლებას მისცა ხმა. ახალგაზრდების ნაწილმა ხმა „გირჩს“ მისცა, ხმები გადანაწილდა „აღმაშენებელზე“, „ლელოზე“. ასეთები ბევრნი არ ვართ, მაგრამ ჩვენ ვენდეთ ამ ადამიანებს და ისინი ახლა ისევ მიშასთან გადაგვამისამართებენ? მათ ამის მორალური უფლება ჰქონდათ? მიშა სააკაშვილმა დაამწკრივა ისინი სანიმუშო ჯარისკაცებივით და პარლამენტში შესვლა აუკრძალა, ამ რეალობის წინაშე დააყენა. ძლივს გარისკა ხალხმა და სიახლის ძიება დაიწყო და ამ ხალხის იმედგაცრუება არ შეიძლება – თუ საკუთარი ამომრჩევლის ნდობასაც აღარ ითვალისწინებთ და მარტო სააკაშვილის მოთხოვნაა თქვენთვის კანონი, ეს სხვა საკითხია?“, – განაცხადა მაღრაძემ.