დავით კირკიტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
დავით კირკიტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე სამართალდამცველებმა ბრალი წარუდგინეს.

რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დავით კირკიტაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

გასული წლის შემოდგომაზე რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ დაიწყო.

დავით კირკიტაძე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს არის პასუხი ჩვენს გეგმაზე, რაც ეხება რუსთავის მაღალტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას, რუსთაველებისთვის საკუთრების დარეგისტრირებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ და დავიწყებთ კიდეც მალე, ამისი ბერკეტები გვაქვს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ფილიალს – სამწუხაროდ, ფილიალებადაა ქცეული მათი პოლიტიკური ჟანდარმერია – დაავალეს და გამოიტანეს ეს სამარცხვინო დადგენილება. ამ დადგენილებას არ ვეთანხმები და არ ეთანხმება ბევრი ადამიანი. მე აქ ყველა გვერდზე წავუწერე, რაც უნდა იყოს მთავარი და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბრალდებას არ ვეთანხმები, შეთითხნილია და თავისუფლება მიშას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.